პროფესორ დავით თინიკაშვილის სამეცნიერო ნაშრომი ამერიკულ ჟურნალში „The Catholic Historical Review”-ში გამოქვეყნდა

17 იანვარი 2022

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „The Catholic Historical Review”, რომელსაც ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი (ვაშინგტონი) გამოსცემს, გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის დავით თინიკაშვილის სამეცნიერო სტატია - "ქართული ანტიკათოლიკური ტრაქტატი (მე-18 საუკუნე) ქართულ-ევროპული ურთიერთობების კონტექსტში" (An Anti-Catholic Georgian Theological Treatise (Eighteenth Century) in the Context of Georgian-European Relation).

სტატიაში გაანალიზებულია მოცემული ეპოქის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც წარმოიქმნა უჩვეულო ანტიკათოლიკური ქართულენოვანი ტრაქტატი ბესარიონ ორბელიშვილის ავტორობით. მასში გაკრიტიკებულია რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ნაშრომი ერთადერთი გამონაკლისია ქართული ორიგინალური ლიტერატურის ისტორიაში. ბესარიონის წიგნს არ ჰქონია ხანგრძლივი და მდგრადი გავლენა ქართულ საეკლესიო და პოლიტიკურ ელიტაზე, რადგან როგორც მის დაწერამდე, ისე მის შემდგომ საქართველოში ევროპული ქრისტიანობისადმი და ზოგადად ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციისადმი დადებითი დამოკიდებულება ნათლად შეინიშნებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის გარე ყდაზე დატანილია ქართული მინიატურა, რომელსაც ავტორი სტატიაში ერთ-ერთ ილუსტრაციად იყენებს. 


სტატიის ელექტრონული მისამართია: https://muse.jhu.edu/article/841838