1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის მედიის სკოლის პიარისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკული ფინალური პროექტები დაასრულეს და საჯარო პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს.
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებმა 4 თვე პარტნიორ კომპანიებში ჯგუფურად იმუშავეს, მათთვის კონკრეტულ საკომუნიკაციო ხედვა ჩამოაყალიბეს და ზოგიერთ შემთხვევაში აღასრულეს კიდევაც. პარტნიორთა შორის წელს ჭარბობდნენ სტარტაპ-კომპანიები. მათ შორის იყვნენ: „ბაბლერი“, „ისთეკი“, ღვინის ჩაი „სტუმარი“, „თექლინქი“. სტუდენტებმა ასევე, იმუშავეს „ჯეო ჰოსპიტალსთან“.
გიორგი ბუკიამ, კომპანია „სტუმარის“ წარმომადგენელმა, განაცხადა: „სტუდენტების ჩართულობა ჩვენი პროექტისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. მათ შემოიტანეს ახალი ენერგია. ახალი იდეები და დაგვეხმარნენ ამ ყველაფრის დაგეგმვასა და განხორციელებაში“.
საბა ასლამაზიშვილი, კომაპანია „თექლინქის“ წარმომადგენელი: „მომეხმარნენ ყველაფერში - ზოგადად, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაშიც და ვფიქრობ მიიღეს გამოცდილებაც, როგორ დაამენეჯმენტონ პროექტები, პიარ სტრატეგიები, შეძლეს ბიუჯეტირება და აღრიცხვა. ჩემი კომპანიისთვის შედეგიანი იყო. აუცილებლად გავტესტავთ მათ სტრატეგიას პრაქტიკაში“.
პრაქტიკული პიარ პროექტის სასწავლო კომპონენტი მედიის სკოლაში უკვე მეორე წელია კურიკულუმის ნაწილია. საბაკალავრო პროგრამის დასრულების ფინალურ ეტაპზე სტუდენტები პრაქტიკულად მუშაობენ კონკრეტულ კომპანიებთან მათი საჭიროებებიდან გამომდინარე საკომუნიკაციო სტრატეგიებზე, რითაც მიღებულ ცოდნასა და უნარებს 2 მენტორის ზედამხედველობის პროცესში უკვე პრაქტიკულად იძლიერებენ.
კავკასიის მედიის სკოლა მადლობას უხდის კომპანიებსა და მენტორებს თანამშრომლობისთვის: ნატა ასათიანს, ლანა ბენდუქიძეს, ნათია ბანძელაძეს, ხათუნა იოსავას, საბა ასლამაზიშვილს, გიორგი ბუკიას, ლუკა ხათრიძეს.