კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ხვდება პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.
ამჯერად, კახა შენგელია ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მას პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კრისტოფერ კაპუანომ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ახორციელებს მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას. პროგრამა უნიკალურია, რადგან საქართველოში პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა, რომელიც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს გასცემს კურსდამთავრებულთათვის.
უნივერსიტეტები 2014 წლიდან თანამშრომლობენ და აქტიურად ახორციელებენ გაცვლით პროგრამებს. ასევე, 2021 წელს უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულება ერთობლივი პროგრამების შემუშავების მიზნით.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში ვიზიტის მთავარი მიზანია ერთობლივი პროგრამის დეტალების განხილვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურისა და იმ სერვისების ადგილზე გაცნობა, რომლითაც ქართველი სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროვოსტი - მაიკლ ავალტრონი, ვიცე-პროვოსტი საერთაშორისო ურთიერთობებში - ჯეისონ სკორზა.
ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნიუ ჯერსის წამყვანი, უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში. მიღებული აქვს ისეთი დონის საერთაშორისო აკრედიტაციები, როგორებიცაა: AASBC, TedQual. TedQual სერტიფიცირების სისტემა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს.
ასევე, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის მასპინძლობის, სპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა 2020 წელს კოლეჯის რანგის მიხედვით ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად დასახელდა. გარდა ამისა, პროგრამამ დაიკავა: 2019 წელს, TheBestSchools.org-ის ქვეყნის მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამების სიაში მეექვსე ადგილი; ჟურნალ CEOWORLD-მა მეხუთე ადგილი მიანიჭა მსოფლიოს ყოველწლიური საუკეთესო მასპინძლობისა და სასტუმროს მენეჯმენტის სკოლების რეიტინგში; 2016 წლის მონაცემით, სკოლა Princeton Review-ს ”Gourman Report”-ის 15 საუკეთესო ოთხწლიანი მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამათა სიაში მოხვდა; SuccessfulStudent.org–ის გამოკითხვით, ქვეყნის 25 საუკეთესო მასპინძლობის კოლეჯის სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
დღეისთვის, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი აერთიანებს 100-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას, რომელიც მულტიდისციპლინურ, კულტურათშორის და ეთიკური ცოდნის გაცემას უზრუნველყოფს.