პუბლიკაცია „ტურიზმის სატელიტური ანგარიშები ევროპაში-2023 წლის გამოშვება“ ევროსტატის მიერ კოვიდის პანდემიის რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოქვეყნდა.
ანგარიში ფარავს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის მონაცემს. ტურიზმის სატელიტური ანგარიშები გამოიყენება ტურისტული ინდუსტრიების ზუსტი ეკონომიკური ეფექტების გაზომვის მიზნით. იგი ათი ცხრილისგან შედგება და მრავალი სტატისტიკური მონაცემი ესაჭიროება სრული სურათის შესაქმნელად. ამ პუბლიკაციაში კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის როლი სხვა წამყვან ექსპერტებთან ერთად მონაცემთა შეფასება და ვალიდაცია იყო, ამ პუბლიკაციაში ექსპერტის სახით მიწვევა მისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარეობს.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი ბრეგაძეს ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შემუშავების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის ყოფილი ვიცე თავმჯდომარეა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევების და დაგეგმვის სამმართველოს უფროსად ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. აქტიურად თანამშრომლობდა საქსტატთან საქართველოში ტურიზმის სატელიტური ანგარიშების პირველი ოთხი ცხრილის შემუშავების მიზნით. გარდა ამისა, მან მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შეიმუშავა უკრაინის ტურიზმის სტატისტიკის სისტემის მეთოდოლოგია.