9 დეკემბერს, 17:00 საათზე და 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი მომავალი იურისტებისთვის.
პროექტი განკუთვნილია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის სფეროთი და სურთ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის თავისებურებებთან დაკავშირებით.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა განასახიერონ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილე სუბიექტები - მოსამართლე, ბრალდების მხარე (პროკურორი, გამომძიებელი), დაცვის მხარე (ადვოკატი, ბრალდებული), მოწმეები, ექსპერტები და ა.შ.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეები სასამართლო სხდომის დარბაზში რეალურად გამოცდიან საკუთარი არგუმენტაციის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
პროექტი შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი, რომელიც გაიმართება 9 დეკემბერს, მოიცავს საინფორმაციო და მოსამზადებელ ნაწილს, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართება 13 დეკემბერს, დაეთმობა უშუალოდ იმიტირებულ სასამართლო პროცესს.
ორივე ეტაპზე აბიტურიენტებთან ერთად იმუშავებენ:
- მოსამართლე ლევან დარბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი, სამართლის დოქტორი;
- კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები - თამარ მსხილაძე და ლეილა ჩოჩია, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარებიან როლების შესრულებაში, მტკიცებულებების ანალიზსა და არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაში.
I ეტაპი - საინფორმაციო და მოსამზადებელი შეხვედრა (9 დეკემბერი, 17:00 საათი)
პირველ ეტაპზე გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო სხდომის დარბაზში ჩატარდება. მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანს, სტრუქტურასა და ჩატარების წესებს.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- რა არის იმიტირებული სასამართლო პროცესი;
- სასამართლო პროცესის სტრუქტურა და ეტაპები;
- ვინ არიან და რა ფუნქცია აქვთ მოსამართლეს, ბრალდების მხარეს (გამომძიებელი, პროკურორი), დაცვის მხარეს (ადვოკატი, ბრალდებული), მოწმეს, ექსპერტს;
- როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და წარდგენილ იქნეს სამართლებრივი არგუმენტები;
- სასამართლო პროცესის მონაწილეთა პროცესუალური და ეთიკური მოთხოვნები.
საბოლოოდ, პროცესის მონაწილეები გადაინაწილებენ როლებს შემდეგნაირად:
- მოსამართლე
- ბრალდების მხარე - პროკურორი
- დაცვის მხარე - ადვოკატი, ბრალდებული
- მოწმეები (მათ შორის, ექსპერტი)
აბიტურიენტებს პროცესის მომზადებაში დაეხმარებიან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები - თამარ მსხილაძე და ლეილა ჩოჩია. ისინი გაუწევენ მათ კონსულტაციას, დაეხმარებიან არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაში, საქმეზე მუშაობასა და თითოეული როლის ეფექტურ განხორციელებაში.
II ეტაპი - იმიტირებული სასამართლო პროცესი (13 დეკემბერი, 14:00 საათი)
მეორე ეტაპზე გაიმართება რეალურ გარემოზე მაქსიმალურად მორგებული იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც წარიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო სხდომის დარბაზში და მას მოქმედი მოსამართლე, პროფესორი ლევან დარბაიძე უხელმძღვანელებს. მონაწილეები რეალურ გარემოში გამოცდიან სასამართლო საქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- სასამართლო სხდომის გახსნას და წესრიგის დაცვის ვალდებულებების გამოცხადებას;
- ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას;
- დაცვის მხარის შესავალ სიტყვას;
- მტკიცებულებათა გამოკვლევას;
- მხარეთა დასკვნით სიტყვებს;
- რეპლიკებს;
- ბრალდებულის საბოლოო სიტყვას;
- მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანას.
პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებს პირველი 14 დარეგისტრირებული აბიტურიენტი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
