7 მაისს, 10:30 საათზე, ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას ატარებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ლექციის თემა - "ქრისტიანობა 1700 - პატრიარქი ილია II და მისი ღვაწლი".
2026 წელს, სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, რაც ქართველი ხალხის იდენტობის, სულიერი თუ კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღია.
საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მდიდარია თავისი ისტორიით. სხვადასხვა ეპოქაში, ქრისტიანობის გავრცელება-განმტკიცებასა და ეროვნულ იდენტობასთან მჭიდრო კავშირის უზრუნველსაყოფად, დიდი იყო კათალიკოს-პატრიარქების როლი და ღვაწლი, მათ შორის ილია II-ისა, დიდი სულიერი წინამძღოლისა და მშვიდობისმყოფელისა.
სერგო ვარდოსანიძე, ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მრავალი წელია შეისწავლის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ლექციაზე იგი ილია II ღვაწლის საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებს შეეხება.
