გარემოს დაცვის დღე - კავკასიის უნივერსიტეტში

5 June 2025

1972 წლის 15 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა და სწორედ ამ დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

 

„გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ჩიჩუამ გვითხრა,  მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას, ადამიანების მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს მიმართ, ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და  საზოგადოების, განსაკუთრებით სტუდენტების, როგორც საზოგადოების ყველაზე აქტიური  ნაწილის  ჩართვას ამ პროცესებში“.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა გარემოს დაბინძურება პოლიეთილენის ნარჩენებით.

 

„ უკვე მეოთხე წელია რაც კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლება გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა. კავკასიის უნივერსიტეტი აქაც ნოვატორი აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოში მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში არის ეს კურსი, რაც ნებისმიერი უცხოური უნივერსიტეტის მედია სკოლის განუყოფელი საგანია. ყოველ წელს სტუდენტები იღებენ ფოტოებს არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რაც მათი პორტფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტია. წელს გადაწყდა რომ გამოფენა გაგვეკეთებინა და გვინდა რომ სამომავლოდ ეს ტრადიციად ვაქციოთ“, გვითხრა მაკა ჩიჩუამ.

 

გამოფენა გაიხსნება 5 ივნისს, ბიბლიოთეკის სივრცეში და კვირის ბოლომდე გასტანს.