კავკასიის უნივერსიტეტის „ცოდნის ელჩების“ პროგრამას თიბისი უერთდება

15 July 2026

კავკასიის უნივერსიტეტის  „ცოდნის ელჩების“ პროგრამას თიბისი ბანკი უერთდება, რომელიც, თანამშრომლობის ფარგლებში, 10 სტუდენტის სწავლის საფასურს სამი აკადემიური წლის განმავლობაში დააფინანსებს.

 

„ცოდნის ელჩები“ კავკასიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანიცაა განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლისა და განვითარების გზაზე დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

 

„ცოდნის ელჩები“ ქმნის  ჯაჭვს, სადაც უნივერსიტეტი, ბიზნესები და სხვადასხვა პარტნიორები ერთიანდებიან სტუდენტების განათლების, პროფესიული ზრდისა და მომავალი შესაძლებლობების მხარდასაჭერად.

 

თიბისის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან 10 სტუდენტს არა მხოლოდ სწავლის საფასური უფინანსდება, არამედ ეძლევათ სტაბილური სამწლიანი საგანმანათლებლო შესაძლებლობა. თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის ხარისხიან განათლებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ასეთი გრძელვადიანი მხარდაჭერა ქმნის საფუძველს, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პროფესიული გზა უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად დაიწყონ.

 

კავკასიის უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ინვესტიცია ადამიანებში, მათ მომავალსა და იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ხვალ შექმნიან. „ცოდნის ელჩების“ მიზანია, ჩამოყალიბდეს მდგრადი მხარდაჭერის მოდელი, სადაც კერძო სექტორის მონაწილეობა კონკრეტული სტუდენტების ცხოვრებაში რეალურ ცვლილებად გარდაიქმნება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, პროექტის შესახებ:

 

„კავკასიის უნივერსიტეტისთვის „ცოდნის ელჩები“ არის გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნაა. თიბისის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს თანამშრომლობა აჩვენებს, როგორ შეიძლება უნივერსიტეტმა და ბიზნესმა ერთად შექმნან მდგრადი მხარდაჭერის მოდელი. 10 სტუდენტის სამწლიანი დაფინანსება არის არა ერთჯერადი დახმარება, არამედ განათლებაში განხორციელებული გრძელვადიანი ინვესტიცია.“