კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

25 მაისი 2022

28 მაისს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დაინტერესებული პირებისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

ღონისძიება წარიმართება ორ ეტაპად:

 

I - კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

 

საინფორმაციო შეხვედრას წარუძღვებიან: მარვინ უოკერი - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პროფესიული კვლევების კოლეჯის დეკანი, მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და შოთა ნიჟარაძე - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

 

ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პრეზიდენტი სიუ ჰენდერსონი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, პროფესიული ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამისა და კიბერუსაფრთხოების ცენტრის სამოქმედო გეგმა, ასევე დამსწრე აუდიტორია გაეცნობა პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ღონისძიება წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

 

II - მემორანდუმის გაფორმება ორგანიზაციებთან

 

ღონისძიების ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო და პროფესიულ ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში. ის აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში და რომლის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. 

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.