მართლწერის ვიქტორინა - ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით!

27 მარტი 2023

27 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით“ ჩატარდება (კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტების მონაწილეობით).

 

ვიქტორინის სტრუქტურა:

 

გუნდებს (11 გუნდი, თითო ჯგუფში 5 მონაწილე) ეძლევათ 20 დავალებისგან შემდგარი ტესტი,  რომელშიც უნდა მონიშნონ ორთოგრაფიულად სწორი პასუხები. თითოეული დავალების შესასრულებლად 10  წუთია გამოყოფილი. დავალებები სწორდება ავტომატურად, დარბაზში, დიდ ეკრანზე გამჭვირვალედ ფიქსირდება შედეგები.

 

პირველ ეტაპზე ბოლო ადგილზე გასული  სამი გუნდი ეთიშება თამაშს (ერთნაირი ქულების შემთხვევაში დამატებითი ბლიც-შეკითხვებით ირკვევა, ვინ გააგრძელებს ვიქტორინას). მეორე ეტაპზე გადადის 8 გუნდი, კვლავ  2 ბოლოადგილოსანი გუნდი ეთიშება კონკურსს. მესამე ეტაპზე 6 გუნდი იღებს მონაწილეობას; მეოთხე ეტაპზე - 4 გუნდი;  მეხუთე ეტაპზე,  ფინალში 2 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

 

ერთნაირი ქულების შემთხვევაში ყველა ეტაპზე უპირატესობა ენიჭება გუნდს,რომელსაც ნაკლები დრო დასჭირდა დავალების შესასრულებლად.

 

გამარჯვებულ გუნდს ვაღიარებთ სახელმწიფო ენის მცოდნე საუკეთესო გუნდად და 4 აპრილს, ქართული ენის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, დავაჯილდოებთ.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

გთხოვთ, ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.