თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის წიგნის პრეზენტაცია

24 ოქტომბერი 2024

24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში გაიმართება თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის წიგნის „დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსება: მსოფლიო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია.

 

პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია (გრანტი SP-23-215).

 

პროექტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა   დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა ისაუბრებს სამეცნიერო პროექტის აქტუალობაზე,  მნიშვნელობასა და მთავარ მიზნებზე.

 

2022 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა. ეს სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (Diagnosis-Related Groups – DRG) ანუ „დიარჯის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ახალი მეთოდი გულისხმობს საავადმყოფოს დაფინანსების რადიკალურ რეფორმირებას, სადაც საავადმყოფოების დაფინანსება ხორციელდება პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით.

 

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ შეიცვალა გადახდის პრინციპი. წინათ ყველა კლინიკას თავისი ტარიფი ჰქონდა და სახელმწიფო არ არეგულირებდა პაციენტის თანაგადახდის მოცულობას, შედეგად პაციენტს სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციასთან 30, 20, 10 პროცენტიანი ოფიციალური თანაგადახდის გარდა დამატებით უწევდა მნიშვნელოვანი თანხის გადახდა. აღნიშნული სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს და ქმნიდა სისტემის გამჭვირვალობის პრობლემას. სახელმწიფოს უჭირდა პაციენტისთვის აეხსნა თანაგადახდის ზრდის მიზეზები.

 

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ კლინიკას უფლებას არ აქვს ოფიციალური თანაგადახდის გარდა, პაციენტისგან მოითხოვოს დამატებითი გადახდა. თითოეულ დიაგნოზზე განსაზღვრულია ტარიფი და თანაგადახდის მოცულობა 0-დან 30%-მდე ფარგლებში, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისების პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას, ხარისხის ამაღლებას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კმაყოფილებაზე.

 

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი.