კავკასიის უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავება

11 იანვარი


ოქტომბრის თვეში აზერბაიჯანის უნივერსიტეტის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის.

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შედეგია კონტრაქტი კავკასიის უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტს შორის, რომელიც გაფორმდა 2007 წლის 20 დეკემბერს. კავკასიის უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის უნივერსიტეტი ითანამშრომლებენ და იმუშავებენ ისეთ საკითხებსა და პროგრამებზე, როგორებიცაა: ორმაგი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები; სამმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად; საბაკალავრო კურიკულუმის განვითარება; პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; სტუდენტთა გაცვლა; პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა გაცვლა; ერთობლივი კვლევა და საკონსულტაციო საქმიანობა; სემინარებსა და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; აკადემიური მასალებისა და სხვა ინფორმაციების გაცვლა; სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამები და პროექტები.

აზერბაიჯანისა და კავკასიის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ინიციატივა ეკუთვნის დოქტორ ბიჟან ფაზლულაჰს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ატლანტა, აშშ), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას.