Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (Capacity Building in Higher Education) დაფინანსებული პროექტის – PRODIGE (Promoting Quality Digital Education in Georgia) – ფარგლებში განხორციელდა ტრენინგი - „Adapting the Structures and Organizational Behavior for Digital Education – Organizing Technical and Support Services“, რომელიც მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ციფრული განათლების ეფექტიანი დანერგვის მიმართულებით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, დიანა მჭედლიშვილმა, ასევე ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა. კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ჩართულობა ხელს უწყობდა ტრენინგის ფარგლებში განხილული თემების პრაქტიკულ გააზრებასა და უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებთან ინტეგრაციას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური სტრუქტურების ადაპტაციას, ორგანიზაციული ქცევის ტრანსფორმაციასა და ტექნიკური და მხარდამჭერი სერვისების ორგანიზებას ციფრული განათლების მდგრადი განვითარებისთვის.
მონაწილეები გაეცნენ დისტანციური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო მიდგომებს, ბენჩმარკინგის დოკუმენტების შემუშავების პრინციპებსა და გლობალურ სტანდარტებს. ტრენინგის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქეის-სთადიები, რომლებიც ასახავდა სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოცდილებას დისტანციური განათლების ხარისხის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით.
ტრენინგი ასევე მოიცავდა ინსტიტუციური მზაობის შეფასებას დისტანციური განათლების განხორციელებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების დაგეგმვას, აგრეთვე სწავლისა და მენეჯმენტის სისტემების (LMS) დანერგვის პრაქტიკულ ასპექტებს, მათ შორის Moodle, Canvas, Chamilo და Google Classroom პლატფორმების გამოყენებას.
ცალკე ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას განათლებაში. განხილული იყო AI ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებისთვის, სტუდენტებისთვის ვირტუალური და აუგმენტური რეალობის შეთავაზება, ჩატბოტების შექმნა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან, ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური ნორმები და პასუხისმგებლიანი დანერგვის პრინციპები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და ერთობლივად ემსჯელათ ციფრული განათლების პრიორიტეტებზე და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის გზებზე. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და ხელს შეუწყობს ხარისხიანი ციფრული განათლების განვითარებას საქართველოში.
