22-24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა, ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) თელავში ჩაატარა მორიგი ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.
კურსში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა სტუდენტებმა, უსდ-ის პერსონალმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა.
კურსი გახსნა პროექტის კოორდინატორმა და ისაუბრა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებზე და ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თანამედროვე დინამიკაზე. პროექტის ექსპერტებმა გააშუქეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა - შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს ასოცირების შეთანხმებით თუ კანდიდატობის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ცხრა ნაბიჯის ფარგლებში განსახილველ პოლიტიკის სფეროებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ტრანსპოზიციისა თუ პრაქტიკის დანაკლისს.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს და მათ ფუნქციონირებას სიმულაციური სავარჯიშოს მეშვეობით.
დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, სასწავლო კურსი იყო ძალიან ინტერაქტიული, აუდიტორიის მაღალი ჩართულობით.
კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის სერტიფიკატები.