CST-ის პროფესორი ნუგზარ ამილახვარი მსოფლიო განათლებისა და სწავლების გლობალურმა ფორუმმა მსოფლიოს 100 ლიდერში აღიარა

25 ივნისი 2020

13 მარტს მსოფლიო განათლებისა და სწავლების გლობალურმა ფორუმმა (Global Forum for Education and Learning - www.gfel.world) განათლებასა და სწავლების სფეროში მსოფლიოს 100 ლიდერში აღიარა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი ნუგზარ ამილახვარი. დაჯილდოების ცერემონია უნდა ჩატარებულიყო 23-25 ივნისს, ლას ვეგასში, აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო 8-10 დეკემბერს გადაიდო.

 

მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ფორუმის დაჯილდოების კომიტეტის თქმით, განათლებისა და სწავლების სფეროს ასეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი პირველად იქნება წარმოდგენილი მაღალი შეფასებით.

 

აღსანიშნავია, რომ პროფესორი ნუგზარ ამილახვარი კავკასიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს 2002 წლიდან. იგი იყო კავკასიის უნივერსიტეტის პირველი სრული პროფესორი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. მან, სპეციალურად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოსცა ცხრა სახელმძღვანელო ინფორმატიკის სფეროში (ყველა სასწავლო კურსში, რომელსაც კითხულობდა).

 

პროფესორ ნუგზარ ამილახვარს საქართველოს სახელმწიფო სამსახურში ნაყოფიერი და წარჩინებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის (2003) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (2015) მადლობები.