|
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროქტით - „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - გათვალისწინებული ვორკშოპები საჯარო სკოლებში დასრულდა. 19 აპრილს, თბილისის 104-ე საჯარო სკოლის (სომხურენოვანი სკოლა) საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შევხვდით და ვუამბეთ საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესების შესახებ.
ვორკშოპი მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღო 70-მდე მსმენელმა. ვორკშოპის მსვლელობის პროცესში, გამოიკვეთა მათი ინტერესი განხილულ საკითხებთან მიმართებაში, იყო აზრთა სხვადასხვაობაც და საინტერესო დისკუსია.
სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში ოთხ ენაზე გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის - „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პედაგოგებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად დაიწყონ სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესში იმპლემენტაცია. 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შემოუერთდებიან პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ მოსწავლეთა ესეების კონკურსს „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. ისინი ახალციხელი და მარნეულელი მოსწავლეების მსგავსად, ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
ვორკშოპი ჩატარდა ქართველ-სომეხთა კავშირის მხარდაჭერით. ერთდღიანი მუშაობის შედეგები გააშუქა სომხური თემის მედიამ Ailq.ge.