კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მისი დელეგაცია ირანში, ქალაქ ფერეიდუნშაჰრში იმყოფებოდნენ.
CU-ის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს ფერეიდუნშაჰრის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. ადგილობრივმა ლიდერებმა გამოთქვეს სიხარული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის გამო და მადლობა გადაუხადეს მათ ქალაქში სტუმრობისთვის.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, ასევე, ფერეიდუნშაჰრის ფაიამე ნურის უნივერსიტეტს ესტუმრა. ადმინისტრაციასთან შეხვედრისას, CU-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. იგი გამოეხმაურა ფერეიდუნშაჰრში მცხოვრები ქართველების სიყვარულს, გამოთქვა მზაობა სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ამჟამად არაერთი ფერეიდნელი ქართველი სწავლობს უფასოდ და უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კიდევ მეტი სტუდენტი მიიღოს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა სპეციალური სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფაიამე ნურის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, რეგიონულმა ხელმძღვანელებმა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ვიზიტის ბოლოს, დელეგაცია ეწვია ფერეიდუნშაჰარის მუზეუმს, სადაც გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა შეასრულეს ტრადიციული ფერეიდნული სიმღერები. შეხვედრის ბოლოს კი კახა შენგელიამ ქართული მუხის ხე დარგა, როგორც მშვიდობის და მეგობრობის სიმბოლო.