CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, წიგნის „საქართველოს ისტორია“ პრეზენტაცია თურქეთში, ანკარაში

30 მაისი 2025

თურქეთში, ქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ავტორობით გამოცემული წიგნის „საქართველოს ისტორია“ ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც თურქულ ენაზე ითარგმნა.

 

უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ, რომელმაც სიტყვით გახსნა ღონისძიება და მისასალმებელ სიტყვაში, ხაზი გაუსვა ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართული წიგნების თურქულ ენაზე თარგმნის მნიშვნელობას. არჩილ კალანდიამ საქართველო-თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ჰარუნ ჩიმქემ, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის თურქი მკითხველისთვის უკეთ გაცნობაში. რედაქტორები - გიოქან შანლი და ქეთევან ქობულაძე. 

  

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ისტორიკოსი და დუჟეს უნივერსიტეტის პროფესორი ალი ერთუღრული; ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და ენათმეცნიერი ქევსერ რუჰი; კარდიოქირურგი ისმეთ დინდარ-მიქელაძე და სხვა საპატიო სტუმრები აკადემიური წრიდან, ისტორიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს, საქართველოს საელჩოს თურქეთში, მთარგმნელს და თურქულ მხარეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ეს თარგმანი ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. 

 

ღონისძიების დასასრულს CU-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა წიგნის სპეციალურ ასლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.