ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

29 ოქტომბერი 2020

29 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება, მოიცავს კონსერვატორიაში არსებული უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის მასალების გაციფრულებას, დამუშავებას და გამოცემას.

 

მასალებში არსებული ჩანაწერები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში (60-80იან წლებში) ქართველი ეთნომუსიკოლოგებისა და მკვლევარების-გრიგოლ ჩხიკვაძე, კუკური ჭოხონელიძე, მინდია ჟორდანია, ედიშერ გარაყანიძე მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია შეგროვებული. აგრეთვე ვალერიან მაღრაძის მიერ, ამავე პერიოდში შეგროვებული მესხური ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერებიც, რაც მესხური ფოლკლორის ამსახველ ერთადერთ სრულყოფილ წყაროს წარმოადგენს. ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი განძია ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიის შესწავლისა და კვლევისთვის.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

კონსერვატორია გეგმავს პროექტის სრული ფინანსური უზრუვნელყოფის მიზნით, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის პროგრამაში განაცხადის გაკეთებას.

 

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც მომავალ თაობას უნიკალურ არქივს შემოუნახავს. ეს პირველი პრეცენდენტია საერთო ეროვნული ფასეულობების გარშემო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებისა, პროფილის მიუხედავად.