14 აპრილს - ქართული ენის დღეს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ცნობილ ფრანგ მეცნიერს, პროფესორ ბერნარ უტიეს გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაარსებული ჯილდო - „ქართული ენის ქომაგი“, რომელიც განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის ყოველწლიურად გადაეცემა ცნობილ ქართველოლოგებსა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობ პირებს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებს.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და სხვა საპატიო სტუმრები.
პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართული ენის დღეების ფარგლებში, 4 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 5 საჯარო ლექცია (მარიამ მანჯგალაძე & ეკა ჩიკვაიძე; კახა შენგელია, ლევან ბერძენიშვილი, ეთერ თათარაიძე, ბექა ქურხული), კონკურსი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის. წლევანდელი ღონისძიებების ციკლს საფუძვლად ედო თავისუფლების კონცეპტი და გამოხატავდა უკრაინის მხარდაჭერას.
14 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტის „ქართული ანბანის ბაღში“ განთავსდა ქართული ანბანის სამივე სახეობით შემკული წიგნთსაცავები სტუდენტებისთვის, რომლისთვისაც წიგნები გადმოგვცა კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიამ „ლიბრარეა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“. შედგა აქცია - „წაიკითხე და გააზიარე“. კონკურსის „ჩემი ხელწერა“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ვაუჩერებით კავკასიის უნივერსიტეტისგან და სამახსოვრო საჩუქრებით - ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფისგან; ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით გაიმართა გამოფენა - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემები“; ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა კი წარადგინეს შესაბამისი ონლაინპლატფორმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:
მარიამ მანჯგალაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის ავტორი
კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
ნუნუ მიცკევიჩი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ანდრიუს კალინდრა - ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
დიეგო კოლასი - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ვილია თარგამაძე - ლიეტუვის პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი (ონლაინმიმართვა)
მზექალა შანიძე -აკადემიკოსი, საპატიო პროფესორი (ონლაინჩართვა)
ცისანა ბიბილეიშვილი -კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
ბერნარ უტიე - პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი (ონლაინჩართვა)
ვილია თარგამაძე - ლიეტუვის პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი
- ლიეტუვის საელჩო საქართველოში