15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლის - „მწვანე სკოლა“ - მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ვორკშოპი კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მაკუნა მენაბდემ ჩაუტარა.
ვორკშოპი შეეხო შემდეგ თემატიკებს: რა არის არქიტექტურა და რა მოცულობით შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა დარგებს აერთიანებს არქიტექტურა?
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს ოთხი სხვადასხვა გარემოს მაკეტი:
- სკოლა
- საცხოვრებელი სახლები
- საოფისე შენობები
- მწვანე სივრცე
მაკეტების დამზადების შემდეგ, მოსწავლეებმა ყველა სივრცე ერთად შეაჯამეს და შექმნეს მცირე ზომის დასახლება. არქიტექტურა ის გარემოა, სადაც ვცხოვრობთ და სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას.
ვორკშოპი, „მწვანე სკოლის“ პროექტის - "არქიტექტურა და დიზაინი" - ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნებს: საზოგადოებათმცოდნეობა, ტექნოლოგიები და ბუნებისმეტყველება. პროექტის ცენტრალური იდეაა შენობების დიზაინი და სტრუქტურა. მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც ვქმნით შენობის სტრუქტურას; როგორ გამოიყურება მასალა; როგორ გავიგოთ, რომ სტრუქტურა წარმატებულია; როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები განწყობაზე და ა.შ.
ვორკშოპის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტი დაათვალიერეს და გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები უნივერსიტეტისა თუ სხვადასხვა სივრცის შესახებ.
კავკასიის უნივერსიტეტის შენობა ისტორიულია და აშენებულია 1909 წელს. თავდაპირველად იგი ნერსესიანთა სემინარი იყო, რომლის ისტორიასაც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე მივყავართ.