22-25 ივლისს, უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციამ (IAUP) რიგით მეოთხე ლიდერობის განვითარების სემინარს უმასპინძლა ახლად არჩეული/დანიშნული პრეზიდენტებისთვის და ლიდერებისთვის ქალაქ არჰუსში, დანია. კახა შენგელიამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და IAUP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პროგრამაში მომხსენებლისა და მენტორის სტატუსით, რომლის ფარგლებშიც, კოლეგებთან ერთად წარუძღვა პანელურ დისკუსიას თემაზე: „სტუდენტების განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვა“.
პროგრამის მიზანია, მსოფლიო მასშტაბით მოქმედმა და ყოფილმა რექტორებმა, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ ახლად არჩეულ/დანიშნულ პრეზიდენტებს, რომლებიც ერთი ან ორი წელია აღნიშნულ თანამდებობას იკავებენ, აგრეთვე ლიდერებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში გახდნენ პრეზიდენტები, გააუმჯობესონ ლიდერობის და მენეჯმენტის უნარები, გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს უმაღლეს განათლებაში, საჭიროებებს და გამოწვევებს.
პროგრამა უნიკალურია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, ჯგუფურ მუშაობას და მენტორობას.
პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მიზნის მიღწევა და გავლენა, ინსტიტუციური მისია, ხედვა და დაგეგმვა, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მართვა, სტუდენტების განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვა, ხელოვნური ინტელექტის როლი და ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება, კრიზისის მართვა, ინოვაცია პოსტ-პანდემიურ ეპოქაში, ხარისხის უზრუნველყოფა, აკრედიტაცია და რეიტინგები, ინტერნაციონალიზაცია, გენდერული თანასწორობა, მრავალფეროვნება, ინსტიტუციური განვითარება და შემოსავლის დივერსიფიცირებული წყაროები და ა.შ.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან უმაღლესი განათლების გლობალური ექსპერტები და მომხსენებლები, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუტებიდან.