უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) წლიური კონფერენცია იაპონიაში

14 სექტემბერი 2023

12-14 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ -უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) წლიურ კონფერენციაში, მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში, მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიებას IAUP-ის არჩეულმა გენერალურმა მდივანმა და ოსაკას კომერციის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, ტაცურო ტანიოკამ (Tatsuro Tanioka) და კობეს დიზაინის უნივერსიტეტის  რექტორმა იჩირო ტანიოკამ (Ichiro Tanioka) უმასპინძლეს.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა, აგრეთვე, IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, უფროსი მრჩევლები, მმართველი საბჭოს წევრები და ა.შ.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე პანელური სესია ისეთ თემებზე როგორიცაა: ტრანსფორმაციული ლიდერობა უმაღლეს განათლებაში; კურსდამთავრებულების განვითარება და დასაქმება; ქალთა ლიდერობა - გამოწვევები და შესაძლებლობები; უმაღლესი განათლების ცვალებადი დინამიკა - სტუდენტების ჩარიცხვის ტენდენციები; ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები და სხვა.

  

ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს,  გაიმართა  IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც წევრებმა განიხილეს უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ორი კანდიდატურა 2027-2030 წლებისთვის. მმართველ საბჭოზე წარსადგენად რეკომენდაცია გაუწიეს კალიფორნიის შტატის, სან ბერნარდინოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის - დოქტორ ტომას მორალესის (Dr. Tomás Morales - California State University, San Bernardino (USA) -  კანდიდატურას.

 

14 სექტემბერს, კახა შენგელიას თავმჯდომარეობით IAUP-ის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ რეკომენდირებული IAUP-ის არჩეული პრეზიდენტის - დოქტორ ტომას მორალესის -  კანდიდატურა 2027-2030 წლებისთვის. უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ის, ასევე შეთანხმდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებზე. გარდა აღნიშნულისა, საბჭოს წევრებმა განიხილეს მიმდინარე პროგრამები, დაამტკიცეს ორგანიზაციის ახალი წევრები, განიხილეს მიმდინარე წლის აქტივობები და დაგეგმეს 2024 წლის ღონისძიებები.