ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ASPU) გაიმართა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ისტორიის სწავლების აქტუალური პრობლემები“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან მსოფლიო ისტორიისა და მისი სწავლების მეთოდიკის პალატა, ისტორიის ფაკულტეტთან არსებული ისტორიის სწავლების კვლევითი სამეცნიერო ცენტრი სომხეთსა და დიასპორაში.
სამეცნიერო ფორუმმა ერთად შეკრიბა სომხეთის რესპუბლიკისა და უცხოური სამეცნიერო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები, ისტორიის სწავლებაში არსებული გამოწვევების განხილვის, მათ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების წარდგენისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის “ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთოხოებისათვის” (EU-PPS) პროფესორი გურანდა ჭელიძე . მან კოლეგებს გაუზიარა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ახალი სასწავლო კურსების შემუშავებასა თუ სრულყოფასთან დაკავშირებით. მან თავის მოხსენებაში „თანამედროვე ევროპის ისტორიის სწავლება უნივერსიტეტებში: პრობლემები, პრაქტიკა და პერსპექტივები“, განმარტა იმ ძირითადი გამოწვევებისა თუ ტენდენციების შესახებ, რომელიც თან ახლავს “ევროპის ახალი და უახლესი ისტორიის” სწავლებას. ისაუბრა აღნიშნული სასწავლო კურსის მის მიერ შემუშავებული შინაარსის, სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო ლიტერატურის შესახებ. მოხსენებას დამსწრე საზოგადოების მხრიდან მოჰყვა დიდი გამოხმაურება, დაისვა არაერთი შეკითხვა და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
