კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ

20 ოქტომბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროგრამას „საერთაშორისო სასწავლო გამოცდილება საქართველოში “. პროგრამაში მონაწილე აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები 12 ოქტომბერს გამართულ მეთერთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“დაესწრნენ.

 

დელეგაციას თან ახლდა დოქტორი ბორის ლეჟავა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი კავკასიის ტრენინგ ცენტრის მმართველი პარტნიორი და კავკასიის უნივერსიტეტის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ვიცე-პრეზიდენტი.

 

გახსნის სესიაზე მთავარი მოხსენებით გამოვიდა პროფესორი მარკ აუდი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სრული პროფესორი და აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის აკადემიური დირექტორი.  მის მოხსენებაში გაჟღერებულმა იდეებმა კონფერენციის ორდღიანი დისკუსიის თემატიკა განსაზღვრა: მდგრადობა, ტექნოლოგიები და განათლების მომავალი.

 

მთავარი მოხსენების შემდეგ პროფესორ დავით წიკლაურის მოდერაციით გაიმართა პანელური დისკუსია: სამეცნიერო კომუნიკაცია. კავკასიის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება აკადემიური ცოდნა, სიზუსტის შენარჩუნებით, ფართო აუდიტორიამდე მივიდეს და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია მკვლევრებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას.

 

შემდეგ პლენარულ სესიაზე საქართველოს, ინდოეთისა და ქუვეითის მომხსენებლებმა ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე, ინსტიტუტებზე, ბაზრებსა და მდგრად ტრანსფორმაციაზე. განხილვის თემებს შორის იყო მწვანე ფინანსები, ენერგეტიკული ბაზრები, ხელოვნური ინტელექტი და სამართალი, ასევე ხელოვნური ინტელექტი განათლებაში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი, მდგრადი განვითარების გამოწვევებით მუდამ დაინტერესებულია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს.