26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ამ დღეს უკვე 22 წელია აღნიშნავენ ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.
ღონისძიების მოდერატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.
ენების ევროპული დღის არსის შესახებ ისაუბრა ენობრივი განათლების პოლიტიკის ეროვნული წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსმა, პროფესორმა მარიკა ოძელმა.
უკრაინელმა მწერალმა და მთარგმნელმა ნატალია ტროხიმმა და მარიამ მანჯგალაძემ წაიკითხეს რამდენიმე ამონარიდი ლესია უკრაინკას გამორჩეული დრამატული პოემიდან "კასანდრა". ნაწარმოები ქართულ ენაზე თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ წიგნის გამოცემამდე, პირველებს მოესმინათ და შეეფასებინათ თარგმანი.
ღონისძიების მიმდინარეობისას, „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ საუკეთესო კალიგრაფებმა, სტუდენტებთან ერთად, ათამდე ენაზე დაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის დევიზი „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“ და იმპროვიზებული სახით წარადგინეს საზოგადოების წინაშე.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან და ღირებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.