Mastercard-ის პროექტის "Cashless for Future" გამარჯვებულები

5 დეკემბერი 2019

Mastercard-მა პროექტის "Cashless for Future" გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილას გასული გუნდის წევრი იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი, გიორგი ხაჩიძე. ასევე პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის სახელმწიფო მართვის სტუდენტები ელენე ასიტაშვილი, რომლის გუნდიც მეორე ადგილას გავიდა და ირაკლი ბუიშვილი.

 

პროექტი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულ 20 საუკეთესო სტუდენტს ფინანსური პროდუქტების შესახებ ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაუტარდათ და გუნდებად დაყოფის შემდეგ სპეციალური დავალება მიეცათ: წარმოედგინათ მარკეტინგული კამპანია ან პროდუქტი, რომელიც საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას შეუწყობდა ხელს.

 

გამარჯვებული იდეა, სახელწოდებით FOLI, გადახდის სამაჯურის განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ახალგაზრდებსა და პენსიონრებზე ერთნაირადაა მორგებული, შეუძლია რამდენიმე ბანკის სხვადასხვა ბარათის ინტეგრირება და გადახდის ყველა ობიექტზე მორგება.

 

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს მასტერქარდმა 3000 ლარიანი სერტიფიკატები გადასცა, აღნიშნული თანხით მათ შერჩეული სასწავლო-საგანმანათლებლო კურსები დაუფინანსდებათ.

 

მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას და უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. პროექტი საქართველოს ბაზარზე მასტერქარდის შემოსვლის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.