ნოემბრის თვეში გამართული შეხვედრები და საჯარო ლექციები

22 ნოემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. მსგავსი აქტივობების მიზანია სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ კლასგარეშე გამოცდილება, მუდმივად იყვნენ ჩართულები მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში და გაიცნონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები.

 

ნოემბრის თვეში, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ლექციები, ვიზიტები და შეხვედრები, მათ შორის აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს დოტი (James Doty), რომელიც აუდიტორიას თანაგრძნობის მეცნიერებაზე და უახლეს სამეცნიერო აღმოჩენებზე ესაუბრა.

 

ბრენდინგის სპეციალისტმა ალექს ჩიქოვანმა სტრატეგიული კომუნიკაციით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მასტერკლასი გამართა თემაზე: “ბრენდი და ბრენდინგი: ჭკვიანური გადაწყვეტილება”, სადაც სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდევებისა და კომუნიკაციების შესახებ.

 

ამის გარდა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი თეონა ბაღათურია შეხვდა, რომელმაც HR სფეროში და დასაქმების ბაზარზე არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილა და აუდიტორიას კარიერის სწორად დაგეგმისთვის აუცილებელი რჩევები მისცა.

 

საინტერესო იყო სამართლის ფილოსოფოსის გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე - “სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი”. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოწვეული სპიკერისთვის შეკითხვები დაესვათ.

 

CSB Alumni Talks-ის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ფაილოძის საჯარო ლექცია. მან სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მსგავის ტიპის შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტში ყოველთვიურად ტარდება.