პანელური დისკუსია ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტილებებზე

7 მაისი 2022

 

6 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტისა (TH Wildau) და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რომლის თემაც იყო: „გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონული ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორში“. 

 

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ: TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის სატრანსპორტო ლოგისტიკის პროფესორი და დოქტორი - ჰერბერტ ზონთაგი, Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი - ირაკლი ცანკაშვილი, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი - მიხეილ ნამადოვი, PepsiCo-ის მიწოდების ჯაჭვის პროექტების დირექტორი - გიორგი ერისთავი, Diplomat-ის ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მერაბ ჟღენტი, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე - გიორგი დობორჯგინიძე.

 

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ: TH Wildau-ის დელეგაცია, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში, იმყოფება ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. საქართველოში წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. 

 

პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიმდინარე გამოწვევები გლობალურ და რეგიონულ ლოგისტიკურ ბაზარზე და საქართველოს შესაძლებლობები, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების როლი ლოგისტიკაში და პროფესიონალი კადრების მნიშვნელობა ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის. 

 

პანელური დისკუსია ჩატარდა ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ახალი ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.

 

აღსანიშნავია, რომ TH Wildau-ის უნივერსიტეტი მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege. 

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს