პროექტის პრეზენტაცია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში

22 დეკემბერი 2021

21 დეკემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტსა (სეუ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაცული ტრადიციული მუსიკის უნიკალური საექსპედიციო ჩანაწერების  - აუდიო და ვიდეოარქივის მასალების გამოცემას, მომზადდა 2 ორენოვანი გამოცემა:

 

  1. ძებნად დაკარგულისა // IN SEARCH OF LOST THINGS (ვალერიან მაღრაძის საექსპედიციო აუდიოჩანაწერები მესხეთიდან // VALERIAN MAGHRADZE’S EXPEDITION AUDIO RECORDINGS FROM MESKHETI - გამოცემა მომზადდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ვალერიან მაღრაძის 1960-1980-იანი წლების მესხურ საექსპედიციო მასალას, რომელიც დღემდე გამოუკვლევი და გამოუქვეყნებელი გახლდათ.

 

  1. აუდიოდისკი თანდართული ბუკლეტით „გრიგოლ ჩხიკვაძე - ქართული ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ფონოჩანაწერები“ // EXPEDITION AUDIO RECORDINGS OF GEORGIAN TRADITIONAL MUSIC – GRIGOL CHKHIKVADZE - აერთიანებს გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, ტრადიციული მუსიკის ღვაწლმოსილი შემკრების, მკვლევრისა და პედაგოგის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძის მიერ საქართველოს კუთხეებში 1940-იან-1970-იან წლებში ჩატარებული ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციების ჩანაწერებს.

 

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, გია კავთელიშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, გამოცემათა შემდგენლების მოკლე მიმართვა და ქართული ფოლკლორული მუსიკის მცირე კონცერტი გაიმართა.