საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის კრიზისი: მიზეზების ანალიზი“ შედეგები.
ნაშრომის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა.
სტატიის ლინკი: http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/255
ვერულავა თ. (2025) ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის განვითარება საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. Vol. 3 №. 3
ჟურნალი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“ ინდექსირებულია ERIHPLUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
რეზიუმე:
შვიდი ათწლეულის მანძილზე საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა საზოგადოების ყველაზე გამორჩეულ და ამბიციურ ინსტიტუციას წარმოადგენდა. სახელმწიფოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ხალხის ჯანმრთელობა აუცილებელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის და წარმატებით ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, ჯანმრთელობა განიხილებოდა, როგორც ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი ერთ-ერთი სიკეთე, რომელზედაც ადამიანს აქვს უფლება. შესაბამისად, მედიცინა სახელმწიფოს საჯარო ფუნქციას წარმოადგენდა.
საბჭოთა სისტემა გახდა მოდელი განვითარებადი ქვეყნებისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოებისთვის. სახელმწიფო, ცენტრალიზებულმა საბჭოთა ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ინფექციურ დაავადებებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. შეიქმნა სამედიცინო მომსახურების სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფდა ხელმისაწვდომობას ძირითად სერვისებზე, იმუნიზაციასა და დედათა და ბავშვთა ზრუნვაზე. თუმცა, შემდგომ პერიოდში საბჭოთა ჯანდაცვის უაღრესად ცენტრალიზებული სისტემა გადაიქცა მედიცინის განვითარების შეფერხების ფაქტორად.
ჯანდაცვის სისტემის საბჭოურ მოდელში ეკონომიკური მოტივაციის არარსებობამ, მის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ იგი სრულ ბიუროკრატიზაციამდე მიიყვანა. სისტემას აინტერესებდა არა იმდენად პაციენტის მოთხოვნილების დაკმაყოფილება და მისი პრობლემების გადაჭრა, არამედ ქსელის ხელოვნური გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ობიექტების ტექნოლოგიური და მატერიალური ფუნდამენტი მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ან თითქმის დანგრეული იყო, სახელმწიფო არსებულის განახლებისა ან თუნდაც შენარჩუნების ნაცვლად გამოყოფდა სახსრებს ახალი ობიექტების ასაშენებლად.
საქართველოში არსებული უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ პასუხობდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მზარდ მოთხოვნებს. საბჭოთა პროფესიული დახელოვნების სისტემაში არსებულმა ნაკლოვანებებმა გამოიწვია საექიმო კადრების სიჭარბე და შედარებით დაბალი კვალიფიკაცია. ექიმთა უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მსოფლიოში, რაც ხარისხის ნაცვლად ჯანდაცვის სისტემის ექსტენსიური გზით განვითარებაზე მიუთითებდა. ჯანდაცვის მუშაკების დაბალი შრომის ანაზღაურების გამო, ნაკლები იყო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების სტიმული.
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი.
