მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის მიერ გამოცხადებულ საკონფერენციო გრანტების კონკურსში, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომლები, კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები.
პროექტს ახორციელებს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია, ხოლო პარტნიორი და მასპინძელია კავკასიის უნივერსიტეტი.
გრანტის ფარგლებში, 10-11 ოქტომბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე ჩატარდება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების დარგების წამყვანი მეცნიერ - მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, რუმინეთის, ავსტრიის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები.
კონფერენციის სამუშაო ჯგუფი:
1) პროექტის ხელმძღვანელი - მაქსიმ იავიჩი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA)“ პრეზიდენტი;
2) პროექტის კოორდინატორი - ვლადიმერ სვანაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, IDI ის დამფუძნებელი.
3) კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
- ავთანდილ გაგნიძე;
- დიანა პოპოვა;
- გიორგი ახალაია.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 2021 წლიდან ტარდება უკვე მეოთხედ და მისი ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“.