ტრენინგი „Rethinking Students' Recruitment, Management, and Students' Life“ (T4.2)

7 მარტი 2026

6 მარტი, 2026  Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (Capacity Building in Higher Education) დაფინანსებული პროექტის – PRODIGE (Promoting Quality Digital Education in Georgia) – ფარგლებში განხორციელდა მორიგი  ტრენინგი - „Rethinking Students' Recruitment, Management, and Students' Life“, რომელიც მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას სტუდენტთა რეკრუტირების, მართვის პროცესებისა და სტუდენტური ცხოვრების გადააზრების მიმართულებით, უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში.

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერმა, გურანდა გოგსაძემ, ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა, მარიამ დავითაშვილმა და სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგლისურენოვანი პროგრამების მიმართულებით, გურანდა იობაშვილმა. კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ჩართულობა ხელს უწყობდა ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებასა და ტრენინგის ფარგლებში განხილული თემების პრაქტიკულ ასპექტებზე რეფლექსიას.

 

აქტივობა მოიცავდა ორ სესიას. პირველი სესია დაეთმო სასწავლო კომპონენტს, რომლის დროსაც მონაწილეებმა განიხილეს სტუდენტთა რეკრუტირების სტრატეგიების ინოვაციური მიდგომები, სტუდენტთა მართვის თანამედროვე მეთოდები და ის პრაქტიკები, რომლებიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტების აკადემიური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას.

 

ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური სერვისების ტრანსფორმაციას, პოტენციურ და მოქმედ სტუდენტებთან კომუნიკაციის გაძლიერებასა და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მათ ჩართულობას, შენარჩუნებასა და საერთო კმაყოფილებას.

 

მეორე სესია ფოკუსირებული იყო პროექტების პრეზენტაციაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ და ემსჯელათ იმ პროექტების იდეებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტთა რეკრუტირების, მართვის სისტემებისა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას. აღნიშნულმა სესიამ ხელი შეუწყო კოლაბორაციულ აზროვნებასა და სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლას.

 

აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში და მხარს უჭერს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარების პროცესს.