საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა ეთუნა ინწკირველმა და მირანდა ბაღათურიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.
გადაწყვეტილება საქმეზე - კავკასიის უნივერსიტეტი ეთუნა ინწკირველის და მირანდა ბაღათურიას წინააღმდეგ.
სიზუსტისა და სიმართლის პრინციპის დარღვევის შესახებ განცხადებით ქარტიას კავკასიის უნივერსიტეტმა მიმართა. საკითხი ეხებოდა TV პირველის მხრიდან კავკასიის უნივერსიტეტში დაგეგმილი საგამოცდო პროცესის შესახებ მომზადებულ მასალას, რომელშიც უნივერსიტეტს არ მიეცა საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა.
სადავო სიუჟეტი - “სტუდენტები კავკასიიის უნივერსიტეტის წინააღმდეგ”, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 28 იანვარს გავიდა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ეთუნა ინწკირველისა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიერ მომზადებულ და ეთერში გადაცემულ მასალაში უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერდა ბრალდება, თითქოს პანდემიის დროს შექნილი ონლაინ საგამოცდო პლატფორმა კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტების პირად ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, მასალაში იყო არაერთი დაუზუსტებელი დეტალი, რომელთა საჯარო სივრცეში უპასუხოდ გასვლამაც დააზიანა როგორც პროცესი და კავკასიის უნივერსიტეტის იმიჯი, ასევე, მაყურებლის ინტერესი, მიეღო სწორი და ყოველმხრივი ინფორმაცია.
კავკასიის უნივერსიტეტი ყოველთვის მზად იყო და ღია რჩება მედიასაშუალებებთან თანამშრომლობისთვის.