20 დეკემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.
ცერემონიას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია დაესწრო, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა, კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურულ
კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს.
კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ირაკლი შამათავას „ვილაპარაკოთ 33 ამბავი აფხაზეთზე“ პროექტის ინსპირაციაა.
კრებული, რომელშიც კონკურსის პირველი ტურის ფინალისტების და მეორე ტურის გამარჯვებული ავტორების ტექსტებია თავმოყრილი, კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა. ესეები, ჩანახატები, მოთხრობები, მკითხველის ყურადღებას, უპირველესად, გულწრფელობის ხარისხით იპყრობს.
კონკურსში გამარჯვებულ, საუკეთესო ტექსტების ავტორებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.