CU-ში MBA პროგრამის ფარგლებში ინოვაციების მართვის კურსს საერთაშორისო ექსპერტი კარლოს გარსია უძღვება

2 ივნისი 2025

კავკასიის ბიზნესის სკოლაში, 28 მაისი -1 ივნისის პერიოდში, MBA პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კურსი – „ინოვაციების მართვა“.

 

კურსს უძღვებოდა დოქტორი კარლოს ჰუმბერტო გარსია – მაღალი რანგის აკადემიური მენეჯერი და სტრატეგიული განვითარების ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს უნივერსიტეტების მმართველობაში, აკადემიური ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. ის ორჯერ იყო CETYS უნივერსიტეტის კამპუსის დეკანი მექსიკაში და ამჟამად კონსულტანტად მუშაობს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მმართველი ორგანოების ასოციაციაში (AGB). დოქტორი გარსია ასევე მონაწილეობდა ჰარვარდისა და ACE-ის ლიდერობის პროგრამებში.

 

კარლოსი ცნობილია თავისი დინამიკური და ინტერაქტიური სასწავლო მეთოდებითა და გლობალური ხედვით. წლების განმავლობაში ასწავლიდა სტრატეგიას, მარკეტინგსა და ინოვაციას ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლებში. მისი კურსები აერთიანებს თეორიას პრაქტიკასთან და აღიარებულია, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ევროპასა და აზიაში.

 

კურსის ფარგლებში MBA სტუდენტები გაეცნენ ინოვაციების ეკოსისტემას, სტრატეგიული ცვლილებების მენეჯმენტს და ლიდერობას თანამედროვე ბიზნესგარემოში. მიღებული გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ ბიზნეს გარემოში გამოიყენებენ.