კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო გამარჯვება

4 დეკემბერი 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება № 139-ით საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მოწვეული პროფესორის, მედიცინის დოქტორის თენგიზ ვერულავას წარდგენილმა პროექტმა „ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა“. პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება (30 ქულიდან 29 ქულა) და აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო კვლევით პროექტად.

 

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

 

პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამ გაზარდა მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობა, ისევ პრობლემად რჩება ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების დიდი წილი, პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების ეფექტური თანაარსებობის გამოუყენებლობა, სამედიცინო ორგანიზაციების არამომგებიანი მესაკუთრეობის ფორმების განუვითარებლობა, ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ეფექტური, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდების დანერგვისა და სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების შემოღების საჭიროება, სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება (ექიმების სიჭარბე, ექთნების დეფიციტი) და დაბალი ანაზღაურება, მათი უფლებების დაუცველობა. საქართველო ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, რადგანაც დარგში მიმდინარე რეფორმებმა სისტემის მმართველი წრეები მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს თენგიზ ვერულავას მორიგ სამეცნიერო გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებას!