ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სასწავლო ტური ბათუმში

20 მაისი 2022

 

 

                                            

 

16-18 მაისს, ევროკავშირის ერაზმუს+ SQUARE პროექტს „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში “, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 3 დღიან სასწავლო ტურში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსმა მაცაცო ტეფნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  ქეთევან კარბაიამ. 

 

სასწავლო ტურის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების, ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის (პორტუგალია) აკადემიური პერსონალი, რომლებმაც ქართველ პარტნიორებს მდიდარი გამოცდილება გაუზიარეს საუნივერსიტეტო მესამე მისიის გაძლიერების და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. 

 

პროექტის ევროპელმა პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ინტერდისციპლინური კვლევებისა და   საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას სტრატეგიულ კონტექსტში და აღნიშნეს, რომ საუნივერსიტეტო სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხობრივი შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ საზოგადოებრივი ჩართულობაა.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საუნივერსიტეტო მესამე მისიის გაძლიერების  პროცესში,  უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ერთეული ენთუზიასტი ადამიანების ე.წ. „პიონერების“ მხარდაჭერას, რომლებსაც შესწევთ უნარი გააერთიანონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ერთი იდეის გარშემო და უზრუნველყონ საზოგადოების ჩართულობა უნივერსიტეტის კვლევით და სასწავლო ინიციატივებში. 

 

ტრენინგები წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, რომელიც მოიცავდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ განხილვებს და პარტნიორი უნივერსიტეტების სახელით მოსაზრებების წარდგენას.  შედეგად, ბათუმში განხორციელებული სასწავლო ტური პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების მიერ შეფასდა ცალსახად პროდუქტიულად.

 

პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში შემდეგი სასწავლო ტური  დაგეგმილია ივნისში, ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი).