კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ, განათლების სკოლასთან თანამშრომლობით გაიმარჯვა ჟან მონეს მოდულის კონკურსში სახელწოდებით -„მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“. პროექტის ავტორი გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა.
პროექტის ძირითად მიზნებს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია და სწავლებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს და დაინტერესებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ და გაიღრმაონ ცოდნა მედიაწიგნიერების ფორმალურ საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრირების ევროპული მოდელების შესახებ. 3 წლიანი პროგრამის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
- კავკასიის განათლების სკოლის სტუდენტებისთვის ახალი საგნის „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელები“ შემუშავება და სწავლება;
- კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ორგანიზებით უფროსკლასელთა საზაფხულო სკოლის „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ გამართვა;
- ყოველთვიური შეხვედრების ჩატარება სკოლის მასწავლებლებთან სასკოლო საგანში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ევროპული მიდგომებისა და მოდელების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;
- გრძელვადიანი კვლევის ჩატარება იმის შესასწავლად, თუ მედიაწიგნიერების აკადემიურ სფეროში ინტეგრირების რომელი ევროპული მოდელი შეიძლება იყოს მეტად ეფექტური საქართველოში.