პროექტ HERD-ის შემაჯამებელი კონფერენცია ბათუმში

6 ივლისი 2022

 

 

24-25 ივნისს, ბათუმში, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა - Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units (HERD)" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან, კონფერენციაში მონაწილეობდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ხატია გოგლიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი, ფინანსური დირექტორი მარიკა ნიკოლაიშვილი და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან დათუკიშვილი.

 

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან.

 

პროექტ HERD-ის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის - GRIS.emis.ge პორტალი, რომელიც საქართველოში არსებული სამეცნიერო გამოცდილებისა და პოტენციალის შესახებ დაინტერესებულ ყველა მხარეს ღია რეჟიმში შესაბამის მონაცემებს სთავაზობს. ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) პორტალი დაინტერესებულ პირებს საქართველოს HERD-ის პროექტის პარტნიორი 12 უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის, მათი აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტების სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების, მიმდინარე და განხორციელებული გრანტებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობს და მათთან დაკავშირების ოპტიმალური მექანიზმია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. პორტალი ღია მონაცემთა ბაზის საფუძველზე ფუნქიონირებადი სისტემაა და წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ღია საინფორმაციო ბაზას.

 

პროექტი საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაციას, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდას, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირებას ინსტიტუციურ დონეზე.