პროექტის შესახებ

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE), ერასმუს+ CBHE კონკურსის გამარჯვებულია.

 


პროექტის, ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) მთავარი მიზანია ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტის სამ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს:

 

  1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და ციფრული განათლების აღიარების რეფორმირების პროცესში;
  2. ციფრული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული სწავლების მიმართულებით.

 

პროექტის ფარგლებში პროექტში ჩართული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ სტრატეგიულ გეგმას ხარისხიანი ციფრული განათლების უზრუნველსაყოფად, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სწავლა/სწავლების კომპონენტის დიჯიტალიზაცია ტრენინგების, ვორქშოფების, სასწავლო ტურების, მეთოდოლოგიების, შესაბამისი სასწავლო მოდულებისა და სასწავლო მასალების შემუშავების საშუალებით, ასევე მარეგულირებელი ჩარჩოს, საკანონმდებლო და ხარისხის უზრუნველყოფის პაკეტის განახლება, რასაც უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).

 

პროექტი ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მარეგულირებელი ორგანოების გაძლიერებას ევროპის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასოცირებული პარტნიორები - საქართველოს სტუდენტური ასოციაცია, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), გარდა ამისა, პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან, ასევე  პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და  საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი.

 

საპროექტო განაცხადი მომზადდა, როგორც სტრუქტურული რეფორმის პროექტი Erasmus+ 2024 წლის კონკურსის ფარგლებში. ამ ტიპის პროექტების დაფინანსებით ევროკავშირი ხელს უწყობს უმაღლესი განათლების რეფორმების განხორციელებას ეროვნულ დონეზე, Erasmus+ 2024 პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებში. პროექტი პასუხობს უმაღლესი განათლების სექტორში ეროვნულ დონეზე არსებულ საჭიროებებს ციფრული განათლების მიმართულებით.