ილიას ხუთშაბათები

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას ინიციატივითა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, საქართველოს შემსწავლელი საერთშორისო კვლევის ცენტრის ინიციატივით 2026 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტი იწყებს „ილიას ხუთშაბათების“ ციკლს.

 

ისტორიულად „ილიას ხუთშაბათები“ წარმოადგენდა სივრცეს, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა ელისაბედ საგინაშვილის სახლში. „ხუთშაბათები“ იქცა ეროვნული თვითორგანიზაციის ლაბორატორიად იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. აქ მსჯელობდნენ ქვეყნის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ეროვნულ სტრატეგიაზე, განათლებაზე, ენაზე, იმპერიულ პოლიტიკაზე, საქართველოს მომავალსა და სხვ.

 

1991 წლის შემდეგ, „ილიას ხუთშაბათები“ სხვადასხვა დროსა და სივრცეში არსებობდა, თუმცა სტაბილური ციკლური შეხვედრების სახე მიიღო მხოლოდ 2021-2025 წლებში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ციკლური შეხვედრების ფორმატით უერთდება ტრადიციას და ქმნის დიალოგის სივრცეს აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სპიკერებს შორის - ადგილს, სადაც კლასიკური ცოდნა ერწყმის თანამედროვე გამოცდილებას, სადაც ცოდნა, ეთიკა და პასუხისმგებლობა თანაარსებობს, ხოლო კრიტიკული აზროვნება  ერთიანდება ცოცხალ ინტელექტუალურ დისკუსიაში. ამავდროულად, „ილიას ხუთშაბათების“ ფორმატი უნივერსიტეტის მესამე მისიის - საზოგადოებასთან აქტიური ინტელექტუალური ჩართულობის და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის - თანამედროვე გამოხატულებაა.

 

„ილიას ხუთშაბათები“ გაიმართება თვეში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით, კავკასიის უნივერსიტეტში.

 

ფორმატი: საჯარო ლექცია/მრგვალი მაგიდა/დისკუსია.

ხანგრძლივობა: 90 წუთი.