CDG აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება

24 ივლისი 2024

CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

დახურვის ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილე კომპანიებმა - Grant Thornton Georgia, EY Georgia, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association, Crystal • კრისტალი, Tegeta • თეგეტა მდგრადობის მიმართულებით საკუთარი ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები გამართეს.

 

პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართა, სადაც ფასილიტატორმა მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, მათ მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზები გააცნო.

 

ბანაკების პარალელურად, მიმდინარეობდა მენტორინგის ინტენსიური სესიები, რომელთა განმავლობაშიც მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული უკუკავშირი გამოცდილი მენტორებისგან და არსებული იდეები ისეთ სამუშაო პროექტებად განევითარებინათ, რომლებსაც საკუთარ კომპანიებში დანერგავდნენ. მენტორინგის სესიებს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ირაკლი სვანიძე, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ბურდული.

 

პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - სალომე ზურაბიშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიურმა მენეჯერმა- ქეთევან ბოჭორიშვილმა, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერმა, პროგრამის მენტორმა- ირაკლი სვანიძემ და  პროგრამის ფასილიტატორმა - გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერმა - სესილი ვერძაძემ.

 

„მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.