კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

6 მაისი 2018

6-12 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი Erasmus+ ის პროექტის ფარგლებში ერთკვირიანი ვიზიტით იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამების დირექტორი ხათუნა კაკაბაძე, ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო ციმინტია, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურის უფროსი ქეთევან კარბაია და ბათუმის ფილიალის დირექტორი მარია ზოიძე. აკადემიური პერსონალის მხრიდან მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გურანდა ჭელიძე და ტურიზმის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დირექტორი ვარდო კოპალეიშვილი.

 

7 მაისს, ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ედუარდო კიტმა პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა. შეხვედრის დროს განიხილეს ტუშას უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის უკვე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. ყველა სხვა საკითხთან ერთად, მასპინძლების ინტერესი გამოიწვია კავკასიის უნივერსიტეტის ახალმა კამპუსმა.

 

ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და პროფესურას ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა უნივერსიტეტის მუზეუმსა და ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას. საინტერესო იყო იტალიელი პროფესორების აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების პრეზენტაციების მოსმენა, მათი ანალიზი და შეფასება.

 

ვიზიტის დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ იტალიელი სტუდენტებისა და კოლეგებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე „საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები.“

 

ასევე, შედგა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ტუშას უნივერსიტეტში ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ვიზიტი მოიცავდა კულტურულ პროგრამას - ვიტერბოსა და მისი შემოგარენის დათვალიერებას.