ბილიმკანას საერთაშორისო სკოლის სასწავლო ტური კავკასიის უნივერსიტეტში

17 ოქტომბერი 2025

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბილიმკანას საერთაშორისო სკოლის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის განხორციელებამდე უნივერსიტეტსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის სკოლის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში. ვორქშოფს, რომელიც საერთაშორისო ტურის დაგეგმვის კომპონენტსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა, უძღვებოდნენ ტურიზმის სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, მოწვეული ლექტორი თორნიკე ფურცელაძე. სესია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა ჯგუფურ და სიმულაციურ აქტივობებს.

 

სტუდენტური და ორგანიზაციული დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერი ხვიჩამ მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტური კლუბები. შეხვედრის ფარგლებში ინტელექტუალური სამაგიდე თამაშების კლუბის წარმომადგენელმა გივი მაჭავარიანმა მონაწილეებს გააცნო კლუბის საქმიანობა და მოაწყო მინი შეჯიბრება.

 

დელეგაციის წევრებს კავკასიის უნივერსიტეტის საქმიანობისა და საერთაშორისო მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ლანა ქევხიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კარბაიამ. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ისტორიული კამპუსი და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იყვნენ აბიტურიენტები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ.

 

ვიზიტის შემეცნებითი ნაწილის ფარგლებში, ელჩების პროგრამის, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციას, წარმომადგენლებმა, ანასტასია გუდაძემ და ტატო გონაშვილმა, ბილიმკანას სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისში საფეხმავლო ტური მოაწყვეს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ბილიმკანას საერთაშორისო სკოლასთან მრავალწლიან პარტნიორობას ინარჩუნებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.