შეხვედრა ნაზარბაევის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) წარმომადგენლებთან

1 მარტი 2018

1-ელ მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ნაზარბაევის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის დეკანი, ვენ ტატ ჰუი, აღმასრულებელი დირექტორი, დინარა აშიკაბაევა და მარკეტინგის მენეჯერი, იულია კაუფმანი იმყოფებოდნენ. სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

 

სტუმრებმა წარადგინეს საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და ხაზი გაუსვეს სკოლის სტრატეგიულ პარტნიორობას სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის, ლი კვან იუს საჯარო მმართველობის პოლიტიკის სკოლასთან (Lee Kuan Yew School of Public Policy). მიმოიხილეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურიკულუმი და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა კოლეგას გააცნო კავკასიის უნივერსიტეტში არსებული საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ისაუბრა პროგრამაში მონაწილე აკადემიურ პერსონალზე და ყურადღება გაამახვილა მათ პრაქტიკულ გამოცდილებაზე ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული საჯარო და კარგი მმართველობის რეფორმების გატარების კუთხით.

 

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ, საჯარო მმართველობის სფეროში ორმხრივი უკუგების საფუძველზე სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის და რეგიონულ კონფერენციებში მონაწილეობის პერსპექტივები.