17-26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: მაკროეკონომიკა, ვაჭრობა და ინტერკულტურული ბიზნესი: გერმანია და სამხრეთ კავკასია”, წარმატებით განხორციელდა.
საზაფხულო სკოლა ორ ეტაპად განხორციელდა- პირველი ნაწილი დისტანციურ ფორმატში მოიცავდა ლექციებს მაკროეკონომიკასა (ბოდო შტურმი) და ვაჭრობის პოლიტიკის საფუძვლებზე (ტატევიკ ვარდანიანი), ასევე ინტერკულტურულ ბიზნეს კომუნიკაციაზე. მეორე ნაწილი კი ლაიფციგში გაიმართა და მოიცავდა სასწავლო სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, თემატურ პრეზენტაციებსა და საგანმანათლებლო ექსკურსიებს. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებმა.
პროგრამას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები ბოდო შტურმი (HTWK) და ტატევიკ ვარდანიანი (ASUE). კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, პროგრამის გახორციელების პროცესში ჩართულნი იყვნენ, ელენე ჯღარკავა, ბიზნესის სკოლის დეკანი და ანი თავართქილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
პროგრამის ფარგლებში აგრეთვე განხორციელდა სესიები შემდეგ თემებზე:
- ინტერკულტურული ბიზნეს კომუნიკაცია (ვორქშოფი)- კრისტინე ორლოვსკი (HTWK);
- მდგრადობა და მომხმარებელთა დაცვა: კავკასიური პროდუქციისთვის არსებული გამოწვევები გერმანიის ბაზარზე – სამართლებრივი პერსპექტივა- კატარინა გელბრიხი (HTWK);
- პოტენციალის გახსნა: შესაძლებლობები და გამოწვევები გერმანიისა და სამხრეთ კავკასიის ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის“(პრეზენტაცია)- ალენა აკულიჩი (გერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაცია)
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება სწავლებისა და კვლევის სფეროში — ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესის სამართლისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით — ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს და სამხრეთ კავკასიის ორ წამყვან უნივერსიტეტს შორის: სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASUE) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU).