ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2022

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ტუშას უნივერსიტეტის, იტალია (University of Tuscia, Italy) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ტუშას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სტეფანო უბერტინი.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი, აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანა თავართქილაძე.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში. ასევე, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ორმაგი ხარისხის პროგრამის შემუშავების სტრატეგია კავკასიის ეკონომიკის სკოლის ჩართულობით.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იმ ნაწილს შეხვდა, რომლებიც ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ტუშას უნივერსიტეტში, აგრეთვე სტუდენტებს, რომლებიც მომდევნო აკადემიურ სემესტრს პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარებენ.

 

ტუშას უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია იტალიაში. უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით.