ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 ნოემბერი 2022

7-11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი აშშ-საქართველოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, მენტორობის პროგრამით გათვალისწინებული ვიზიტით  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ბობ სმიტს, Lean Startup-ის  პროგრამირების  და აშშ -ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოვაციების კორპუსის (I-Corps) პროგრამირების დირექტორსა და კერი სლატერს, საერთაშორისო სამეწარმეო პროგრამების მენეჯერს მასპინძლობს.

 

ექსპერტებმა პირველი სამუშაო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან და ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან გამართეს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, აგრეთვე მიმოიხილეს კავკასიის უნივერსიტეტში  სამეწარმეო განათლების, ინოვაციების  და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროცესები.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, განათლების, აგრეთვე ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის დეკანებთან.

 

შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ სკოლაში არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის და კვლევის კომერციალიზაციის მიმართულებით, აგრეთვე ამ პროცესში  ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობაზე. შეხვედრისას კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამერიკული პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ. შეხვედრის მიწურულს კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდა თითოულ პროგრამასთან მიმართებით შინაარსობრივი საკითხების განხილვა.



ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორთან, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA).

 

პროგრამა აშშ-საქართველოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება (UCBP) ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.