14 აპრილს, 14:00 საათზე, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ფარგლებში შედგება ლუიჯი მაგაროტოს - იტალიელი ქართველოლოგის, მთარგმნელის, ვენეციის კა'ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის - საჯარო ლექცია: ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845) და ჯაკომო ლეოპარდი (1798-1837) - ორი ევროპელი რომანტიკოსი.
ნიკოლოზ ბარათაშვილი და ჯაკომო ლეოპარდი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ჩამოყალიბდნენ პოეტებად, თუმცა ორივე რომანტიკოსის შემოქმედებაში ბუნების იდუმალი ხმაა მნიშვნელოვანი.
როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ბარათაშვილისგან განსხვავებით, ოცი წლის ლეოპარდის მსოფლგანცდა უფრო ინსტინქტური და შეუპოვარი ჩანს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან ლუიჯი მაგაროტო განიხილავს პოემას „ბედი ქართლისა“ და ლექსებს: „მერანი“, „საფლავი მეფის ირაკლისა“, „სუმბული და მწირი“.
ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ლ’ორიენტალეს“ პროფესორი გაგა შურღაია მოკლედ წარადგენს ლუიჯი მაგაროტოს ბიოგრაფიას.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ, zoom-ის პლატფორმაზე.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
